X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

არაგვის ახალი ხიდის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

20 ოქტომბერი 2025

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძესთან ერთად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის ავტომაგისტრალის 26-ე კილომეტრზე მდებარე არაგვის ხიდის მიმდებარედ ახალი ხიდის მშენებლობის პროცესს გაეცნო.

ამ ეტაპზე დასრულებულია ხიდის ოთხი ბურჯის მშენებლობა და მიმდინარეობს მეხუთე ბურჯის მოწყობა. სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და პროექტის დასრულების შემდეგ ახალი ხიდი არსებითად გააუმჯობესებს მოძრაობის უსაფრთხოებასა და გამტარიანობას ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ საავტომობილო მონაკვეთზე.

არსებული ხიდი 1973 წელსაა აშენებული. მისი სავალი ნაწილი ხშირად ზიანდება, რის გამოც პერიოდულად საჭირო ხდება აღდგენითი სამუშაოები, რაც დროებით ზღუდავს მოძრაობას და დისკომფორტს უქმნის მგზავრებს. ხიდის ტექნიკურმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ხიდის რეაბილიტაცია ვერ უზრუნველყოფს სრულფასოვან აღდგენას, ხოლო კაპიტალური რეაბილიტაცია მოითხოვდა ხიდის ჩაკეტვას ერთ წელზე მეტი ვადით — რაც სერიოზულ შეფერხებას გამოიწვევდა ცენტრალურ მაგისტრალზე.

შესაბამისად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, უმოკლეს ვადებში მომზადებულიყო მდინარე არაგვზე ახალი ხიდის სამშენებლო პროექტი და დაწყებულიყო მისი მშენებლობა. ახალი ხიდით სარგებლობას მოსახლეობა მომავალი წლიდან შეძლებს.

პროექტს ახორციელებს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 20 მილიონი ლარია.